Jan 8, 2009

13-14 აგვისტო

13 აგვისტო

ლამის ნახევარი ევროპის პრეზიდენტებმა საქართველოში მოიყარონ თავი. ხუთი თუ ექვსი ქვეყნის პრეზიდენტი თბილისშია, მაგრამ რად გინდა? - საქართველოს ქალაქები და სოფლები ისევ ცეცხლის ალშია გახვეული.

უკვე ზემო აფხაზეთსაც რუსული ჯარი აკონტროლებს.

თბილისიდან გორისკენ მიმავალი გზა საპატრულო პოლიციამ გადაკეტა, გორში მოსახლეობა შველას ითხოვს.

ისევ ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი თბილისში შემოსვლას გეგმავს, თუმცა, მალევე გადაუხვიეს ორჭოსანთან.

რუსები და სეპარატისტები გორი-სამთავისის ეპარქიას არბევენ.

ხაშურიდან ბიძაშვილმა დამირეკა, რუსებმა ბორჯომის ტყეებში თვითმფრინავებიდან რაღაცები ჩამოყარეს და ცეცხლი გაჩნდაო. ხანძრის შესახებ ოფიციალური განცხადებები არ კეთდება, ამიტომაც მგონია, რომ ნინომ მორიგი ჭორი მამცნო (სამწუხაროდ, მეორე დღეს ეს დადასტურდა).

გორთან ახლოს, ტრასაზე, დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალი მიკროავტობუსი გააჩერეს ოსმა სეპარატისტებმა, მგზავრები გაძარცვეს, მანქანა კი 20-ოდე წლის ტყიბულელ გოგოსთან ერთად გაიტაცეს.

სვანეთიდან ისევ მირეკავენ. ამჯერად ზურა ახერხებს დაკავშირებას. მთელი ხაიში, ჭუბერის უღელტეხილი და სვანეთამდე მომავალი გზები რუსული ჯარით არის გადახერგილიო: "«გამგეობა თუ გუბერნატორი ვერაფერს აკეთებენ. აქ ჯერ სიმშვიდეა, მაგრამ ამ ვითარებას დიდხანს ვერ შევეგუებით და რუსებსაც სწორედ ეს უნდათ. იქნებ საერთაშორისო დამკვირვებლები და ტელევიზიები სვანეთშიც ამოვიდნენ. რუსულ ჩექმას სვანეთში არაფერი ესაქმება. ახალგაზრდებს ძლივს ვაკავებთ, რომ შეტაკება არ დაიწყოს». ამ ამბავსაც «ინტერპრესნიუსს» ვატყობინებ. სააგენტოს ხელმძღვანელობა ცდილობს დაუკავშირდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სვანეთში მოსალოდნელი საფრთხე ამცნოს. მოგვიანებით ზურა ისევ მირეკავს. ამბობს, რომ ქვემო სვანეთიდან 6 ერთეული რუსული სამხედრო მანქანა გავიდა. თუმცა, რუსული ჯარი და ტექნიკა კვლავ რჩება ხაიშიდან მესტიისკენ მიმავალ გზაზე, მათ შორის ცენტრალურ ხიდზე. მოსახლეობას დაბის თავკაცების განკარგულებით ყველა სავაჭრო ობიექტი დაუხურავს, რომ ალკოჰოლური სასმელები არ გაიყიდოს, თორემ პროვოკაცია და უბედურება არ აგვცდებაო. სვანებს რამდენიმე რუსი ოკუპანტი ხაიშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გვერდით მდებარე ძველისძველ სასაფლაოზე გაუყვანიათ, აქ 1942 წელს ჩამოვარდნილი რუსი სამხედრო მფრინავის საფლავიც არის. თუ ვითარების გამწვავებას დაუშვებთ, პირობას გაძლევთ, აქ ერთადერთი რუსის საფლავი აღარ იქნებაო. შეშინებიათ რუს ჯარისკაცებს, - რას ამბობთ, რა გამწვავება, ერთი სული გვაქვს, აქედან როდის გავალთ, გვითხრეს, აფხაზეთში სწავლებებზე მიდიხართ და ომში ამოგვაყოფინეს თავიო.



14 აგვისტო

თბილისში აეროპორტთან ახლოს კარვების ქალაქი შენდება.

ქვაზე გორელი ციცაგებისა და საბაშვილების ოჯახები ჩამომსხდარან. პატარა გოგონას პური ჩაუბღუჯავს ხელში და შეშინებული თვალებით იყურება... 9 წლის გვანცა და 17 წლის ნინო შინ წამოვიყვანე. არ შემეძლო მათი იმ მტვერსა და სიცხეში დატოვება. დედების ცრემლიანი, მაგრამ მაინც გახარებული თვალები გვაცილებენ.

სამარშრუტო ტაქსიში გვანცა კალთაში მიზის, მკერდზე ისე მეკვრის, თითქოს ერთი საათის წინ კი არა, დიდი ხნის წინ გამეცნოს. უკანა სკამზე ორი ახალგაზრდა ლაპარაკობს. თურმე ორივე გუშინ გორის გზატკეცილიდან ოსების გატაცებულ მიკროავტობუსში იჯდა. იმ გოგოს მეზობლები ყოფილან, ოსებმა რომ გაიტაცეს. საწყალ გოგოს დაურეკავს სახლში, ორიოდე წუთით მიუციათ გამტაცებლებს ოჯახთან დალაპარაკების საშუალება. უთქვამს, სადღაც სარდაფში ვარ და ჩემთან კიდევ 60 ქართველი ქალიაო. ახალგაზრდებს ჩემი ტელეფონის ნომერს ვაძლევ და ვთხოვ, თუ რამე ახალს გაიგებენ, შემატყობინონ.

გვანცასა და ნინოს სახლში ვტოვებ და ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მივდივარ. ექიმები ამბობენ, რომ ძირითადად ყუმბარებისგან დაჭრილი პაციენტები ჰყავთ. საჰაერო დაბომბვა რომ არ ყოფილიყო, ჩვენს ბიჭებს წინ ვერავინ დაუდგებოდაო.

ჯემალ ჯიქიძე: «24 საათის განმავლობაში ვაკეთებდით ოპერაციებს. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა ვუთხრა გორის ჰოსპიტლის თანამშრომლებს. ფაქტობრივად, წინა ხაზზე იყვნენ და ძალიან დიდ საქმეს აკეთებდნენ».

გივი ჯიქია: - «ექიმებს, ექთანებს ვეხვეწებოდით, წადით, დაისვენეთ-მეთქი, მაგრამ...»

ვიცი, რომ ბატონი გივი და ჯემალი დაჭრილ რუს მფრინავებსაც მკურნალობენ.

- ბატონო გივი, რუსი მფრინავებისთვის არ გიკითხავთ, რატომ მოვიდნენ ჩვენი მიწის დასაბომბად?

- ბრძანებას ვასრულებდითო. გვარიანი შეშინებული ჩანან, ხატები მოაგროვეს და ბალიშის ქვეშ აქვთ შექუჩებული. ღმერთის და ხატის თუ სწამთ, უდანაშაულო ხალხს როგორ ხოცავენ?

- ბატონო ჯემალ, თქვენ გადაარჩინეთ ებრაელი ჟურნალისტი?

- გულმკერდის ქირურგმა, გია ლურსმანაშვილმა გადაარჩიIნა. ძალიან მძიმედ იყო... ერთი დღე გაატარა ჩვენთან. იმ დღეს 12 პაციენტი შემოგვიყვანეს და რვა მყისვე საოპერაციოში შევიყვანეთ. ებრაელი ექიმები რომ ჩამოვიდნენ, გაუკვირდათ, ჩვენ ასეთ ოპერაციებს აღარ ვაკეთებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ პაციენტი უიმედოაო...

შინ დაღლილი ვბრუნდები. ბავშვებს სძინავთ. შუაღამისას გვანცა ტირილით მაღვიძებს, ახლა დაგვბომბავენო. სადღაც, შორს თვითმფრინავის ხმა ისმის. გვანცას გულში ვიკრავ და ვამშვიდებ...

No comments:

Post a Comment