Jan 8, 2009

ომის დღიურები

11 აგვისტო

...ღამის პირველი საათი იქნებოდა, ჩემი ძმა რომ დაბრუნდა. ძაღლიც სიხარულით შეხვდა პატრონს. თუმცა, ფეხსაცმელებსა და ტანსაცმელზე დასუნა თუ არა, გველნაკბენივით უკან გადახტა, დაწვა, თავი თათებზე დადო და ყმუილი დაიწყო. იმედა მიუხვდა ძაღლს წუხილის მიზეზს, - ადამიანის სისხლის სუნი იგრძნო და ამიტომ მოიქცა ასე. დაჭრილები რომ გამომყავდა, ვიწმენდდი ტანსაცმელს, მაგრამ როგორც ჩანს, სუნი მაინც დამრჩაო. იმედას მეტი არაფერი უთქვამს. კარგა ხანს იჯდა სავარძელში გახევებული და ერთ წერტილს მისჩერებოდა. მისი სამხედრო ფორმა ტირილით გავრეცხე. ვტიროდი მათ გამო, ვისაც ოჯახში დაბრუნება არ ეღირსა. იმედა გამთენიისას გავიდა სახლიდან. ბაზაში ვიქნები, არ შეგეშინდესო, დამაიმედა. ერთი წუთითაც არ მძინებია. ფიქრებში მობორიალეს დამათენდა თავზე. დროდადრო აივანზე გასული ვამჩნევდი, რომ ჩემსავით ბევრს არ ეძინა. ბინებში თითქმის მთელ ღამეს ენთო ნათურები. დილის 7 საათზე დედაჩემმა დამირეკა. ვეუბნები, რომ იმედა შინ არის. ომში მის ყოფნის ამბავს ისევ ვუმალავ. დედა საშინელ ამბებს მიყვება: «წუხელ ხუნევში (ხარაგაულის რაიონის სოფელია, ესაზღვრება საჩხერის რაიონს) ომიდან წამოსული ჯარისკაცები მოვიდნენ. ტყე-ტყე გადმოსულან. რუსები მოგვდევდნენო. იარაღი რიკოთთან ახლოს, ტყეში დაუმალავთ. სამოქალაქო ტანსაცმელს გვთხოვდნენ. მთელი სოფელი ფეხზე იდგა. ჩვენი ბიჭების ტანსაცმელი ჩავაცვით, დავაპურეთ. შეშინებულებს ჭამაც კი უჭირდათ. ერთმა თქვა, ლუკმა ყელში არ გადამდის, ეს რა დღეში ჩავცვივდითო. უკან დახევის გამო რცხვენოდათ. ამბობდნენ, მეთაურებმა ჯარისკაცები მიატოვესო. ომის შეწყვეტის თაობაზე მთავარსარდლის ბრძანება რომ გაიცა, მეთაურებმა გამოგვიცხადეს, აბა, თავს უშველეთ, თუ გინდათ, იარაღი ჩაგვაბარეთ და ისე წადითო. თუ მანამდე მტერთან დანებებას სიკვდილი გვერჩივნა, მეთაურების განცხადებამ წაგვახდინაო. ბიჭების ერთმა ნაწილმა მეთაურებს აგინა თურმე. ენა არავის შემოუბრუნებია მათთვის, ან სად ეცალათ მაგისთვის, მანქანებში ჩასხდნენ და წავიდნენ. ჩვენც გამოვიქეცით, ზოგიერთები დარჩნენ. გორის რაიონის სოფლებთან, ძირითადად, შინდისთან რუსებმა სასაკლაო მოგვიწყვესო.

მერე ჯარისკაცებმა ვიღაცას დაურეკეს, ერთ-ერთს ნათესავმა მოაკითხა მანქანით და ყველა წაიყვანა. პირველად რომ გამოჩნდნენ, შვიდნი იყვნენ. მოგვიანებით სოფლის ბიჭებმა შეამჩნიეს, რომ ტყეში სინათლე ბჟუტავდა. მივხვდით, ჯარისკაცები იქნებოდნენ, წავიდნენ, გამოიყვანეს და იმათაც ვუპატრონეთ. წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ხან სად გამოჩნდებოდნენ თავგზაარეული ჯარისკაცები და ხან სად».

დედაჩემის მონათხრობმა დამამუნჯა. ჩუმად ვიჯექი კარგა ხანს. მერე უფროს ძმას დავურეკე. რაც ომი დაიწყო, სულ სამსახურშია. 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ რიკოთიდან ქუთაისის მიმართულებით ტრასაზე. წუხს, გამოქცეული ჯარისკაცები ტყეებსა და ხევებში იარაღს ყრიან და თუ მოსახლეობას ჩაუვარდა ხელთ, შესაძლოა, ცუდი ამბები დატრიალდესო. ხალხს აფრთხილებენ, თუ სადმე იარაღს იპოვიან, პოლიციას ჩააბარონ. ვითომ გამოიჩენს ხალხი კეთილგონიერებას?

გამთენიისას თბილისი დაბომბეს. კოდორის ხეობა განუწყვეტლივ იბომბება. ხაიშიდან სვანებმა შემატყობინეს, აფეთქების ხმა ისმის, ჭუბერიდან ისევ მოდიან დევნილებიო. არც კი ვიცი, რით დავაიმედო.

სკაიპით მეგობრები მიკავშირდებიან გერმანიიდან და საფრანგეთიდან. უცხოეთში მცხოვრები ქართველები საპროტესტო აქციებს მართავენ. ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები ქართველები კი კორიდორის გახსნასა და სამშობლოში გადმოსვლას ითხოვენ. ვის ესმის? - რუსი იმის უფლებასაც არ იძლევა, რომ ცხინვალში კორიდორი გაკეთდეს და დაჭრილები და დახოცილები გამოიყვანონ.

ენგურის გასწვრივ რუსის ჯარი დგას. ყველაფერს აკონტროლებს, ჩვენი ხელისუფლება კი გაიძახის, რუსს საქართველოს მიწას არ დავანებებთ და გავიმარჯვებთო. ნეტავ რით ვაპირებთ გამარჯვებას? არ მინდა დავიჯერო, რომ ქართველ ჯარისკაცებს შეეშინდათ. მეგობარი მირეკავს ხაიშიდან, მისი 24 წლის ძმა სნაიპერია სენაკის მეორე ბრიგადაში. ვერ ვუკავშირდებიო. ახლა მე ვცდილობ დარეკვას. კარგა ხანს არაფერი გამომდის. მერე მესიჯი მოდის, სნაიპერი მწერს, რომ ცოცხალია, მაგრამ ალყაში მოხვდა და მთხოვს, მისი ოჯახი დავამშვიდო. ე.ი. ისევ უნდა ვიცრუო. ამასობაში ზუგდიდში, თითქმის ყველა სახელმწიფო ორგანიზაციის შენობაში, მათ შორის საპატრულო პოლიციაშიც რუსები ჩადგნენ. რუსებმა გორიც მთლიანად დაიკავეს... როგორც ამბობენ, ახლა თბილისისკენ მოდიან. უცნაურია, სანამ ტელევიზიით ან საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით გავრცელდება ინფორმაცია, ხალხმა უკვე იცის. აშკარად, ვიღაც შეგნებულად ავრცელებს ინფორმაციას თუ დეზინფორმაციას. ქუჩაში ზედახორაა. ბარგი-ბარხანით დატვირთული ავტომობილებით ზოგი ქალაქიდან გარბის. ვინც ქალაქიდან არ გარბის, სუპერმარკეტებში დგას უზარმაზარ რიგებში. საბაჟო დეპარტამენტიდან მეგობარი მირეკავს, იცი წითელ ხიდზე და სარფში რა ხდება? ხალხს ვეღარ ვაკავებთ, ისეთი ზედახორააო. ეჰ!..

No comments:

Post a Comment